logo
ENG



"ვიზის მექანიზმის შეჩერების" შესახებ ანგარიში - ევროკომისიის რეკომენდაციები

07 დეკ 202413:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/07/yc34mb9j90t7ios.jpg

ევროკომისია ევროპული პარლამენტისთვისა და საბჭოსთვის "ვიზის მექანიზმის შეჩერების" შესახებ მეშვიდე ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ.

"იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, მიღებულ უნდა იქნეს რიგი გადაუდებელი ზომებისა კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ევროკომისია საქართველოსთან მიმართებით 8 რეკომენდაციას გასცემს:

  1. საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, გაერთიანების, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლების, აგრეთვე დისკრიმინაციის აკრძალვის უზრუნველყოფა და დაცვა.
  2. თავიდან აიცილოს და გააუქმოს ყველა კანონი, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს ყველა უფლება და თავისუფლება, ეწინააღმდეგება არადისკრიმინაციის პრინციპს და ეწინააღმდეგება შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გააუქმოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლვნების" დაცვის საკანონმდებლო პაკეტი, ასევე, შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტიქ პირთა უფლებების სრულად დაცვა.
  3. საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის მესამე ქვეყნების სიის მიმართებით, რომელთაც სჭირდებათ ვიზა, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართებით, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს ქმნიან.
  4. გაძლიერდეს ქმედებები თავშესაფრის უსაფუძვლო განცხადებებისა და წევრ ქვეყნებში არარეგულარული ყოფნის საკითხის მოსაგვარებლად, როგორიცაა საინფორმაციო კამპანიები უვიზო მიმოსვლის შესახებ მიგრანტების შესაბამისი პროფილებისთვის და მკაცრი სასაზღვრო კონტროლი.
  5. შეიქმნას აქტივების აღდგენისა და აქტივების მართვის ოფისი და გაგრძელდეს მუშაობა აქტივების მოკვლევის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და განადგურების მიმართულებით.
  6. კორუფციასთან ბრძოლისთვის მიღებულ იქნას ახალი სტრატეგია და გეგმა, მათი განხორციელებისთვის ადეკვატური რესურსების უზრუნველყოფა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებას, დევნასა და განხილვას.
  7. ცვლილებები შევიდეს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში, რათა გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციების, განსაკუთრებით ის, რაც ეხება ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტურ დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ფუნქციებს.
  8. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდეს.

close დახურვა